Tbilisi Art Fair 2026
წარმოდგენილი ხელოვანები: დავით აფაქიძე, ქეთი კაპანაძე, ლაშა კინწურაშვილი, ნინა კინწურაშვილი, ზაური მათიკაშვილი, ნატო სირბილაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე და თამო ჯუღელი.
გალერეა ბუკია ვახანია წარადგენს ქართველი ხელოვანების ჯგუფურ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან: დავით აფაქიძე, ქეთი კაპანაძე, ლაშა კინწურაშვილი, ნინა კინწურაშვილი, ზაური მათიკაშვილი, ნატო სირბილაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე და თამო ჯუღელი.
დავით აფაქიძე (დ. 1998, ფოთი) არის ვიზუალური ხელოვანი, კურატორი და ხელოვნებათმცოდნე. მისი პრაქტიკა მოიცავს სკულპტურას, ქარგვას, ბეჭდურ გრაფიკას და ვიტრაჟს, სადაც ქართული მართლმადიდებლური იკონოგრაფია ქუიარ პერსპექტივიდან გადამუშავდება. მისი პრქტიკა იკვლევს იდენტობის, ტრადიციებისა და ქუიარობის ჰიბრიდულ ფორმებს.
იგი არის 2025 წლის KVOST-ის სტიპენდიანტი და Claus Michaletz-ის პრიზის ლაურეატი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო KVOST-ში, ბერლინი; Zachęta National Gallery of Art-ში, ვარშავა; MeetFactory-ში, პრაღა; Open Out Festival-ზე, ტრომსიო; Lerblabor-ში, ბერლინი და ბუკია ვახანიას თბილისის საგამოფენო სივრცეში.
ქეთი კაპანაძე (დ. 1962, თბილისი) ქართული კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და საბჭოთა პერიოდის საქართველოში პირველ ქალ კონცეპტუალურ ხელოვანად მიიჩნევა. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, 1983 წელს, მან შექმნა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტოგრაფიული ნამუშევრები. მისი ნამუშევრები დაცულია Norton and Nancy Dodge Collection of Nonconformist Art from the USSR-ის კოლექციაში, რომელიც Zimmerli Art Museum-ში, Rutgers University-ში, აშშ-ში ინახება.
1990-იანი წლებიდან კაპანაძის პრაქტიკა საერთაშორისო სივრცეში ვითარდება. მას მიღებული აქვს სტიპენდიები და რეზიდენციები ისეთი ინსტიტუციებისგან, როგორებიცაა Sheffield City Polytechnic, CCA Glasgow, BAK Swiss Federal Foundation, IAAB Christoph Merian Stiftung, Baumann Stiftung და Cité des Arts, პარიზი.
ლაშა კინწურაშვილი (დ. 1968) ქართველი მხატვარი, ხატმწერი, ფრესკების რესტავრატორი და კალიგრაფია. მას განათლება მიღებული აქვს როგორც სახვითი ხელოვნების, ისე არქიტექტურის მიმართულებით. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, იგი აქტიურად ჩაერთო ქართული ხატწერის ტრადიციის აღდგენის პროცესში. 1990-იან წლებში, ხატმწერთა მცირე ჯგუფთან ერთად, კინწურაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობდა, განსაკუთრებით კი მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში, მათ შორის სვანეთში. ამ მოგზაურობების დროს ის სწავლობდა, იწერდა და ხელახლა ითვისებდა შუა საუკუნეების ფრესკული მხატვრობის ტექნიკებსა და ტრადიციებს.
ნინა კინწურაშვილი (დ. 1992, თბილისი) საქართველოში დაბადებული, ნიუ-იორკში მცხოვრები ხელოვანია. მისი პრაქტიკა მეხსიერების, ფრაგმენტულობისა და მედიირებული გამოცდილების თემებს უკავშირდება და ხშირად ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ ურთიერთობას იკვლევს. კინწურაშვილს აინტერესებს რას ნიშნავს კულტურასთან შეხება არა უშუალო გამოცდილებით, არამედ წიგნების, რეპროდუქციებისა და სხვადასხვა მედიით გადმოცემული გამოსახულებების მეშვეობით. მისი ვიზუალური წყაროები აერთიანებს პირად არქივებს, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მასალებს, ასევე ყოფით გამოსახულებებს, რომლებიც ხშირად თბილისის ბუკინისტურ სივრცეებში იღებს სათავეს.
ზაური მათიკაშვილი დაიბადა ყვარელში. იგი ცხოვრობს და მუშაობს მიუნსტერსა და ამსტერდამში. მისი პრაქტიკა აერთიანებს ფილმს, პერფორმანსს, ინსტალაციასა და სკულპტურას. მათიკაშვილის ნამუშევრები სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოებებს უკავშირდება და იკვლევს, როგორ ყალიბდება იდენტობა ოჯახის, საზოგადოების, მეხსიერების, ნარატივებისა და გამოსახულებების გავლენით.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ინსტიტუციასა და პლატფორმაზე, მათ შორის Julia Stoschek Foundation-ში, KIT Düsseldorf-ში, LWL Museum of Art and Culture-ში, Eye Filmmuseum-ში, Cité Internationale des Arts-ში, International Short Film Festival Oberhausen-ზე და HMKV Dortmund-ში. ის იყო Rijksakademie-ის, Cité Internationale des Arts-ისა და PACT Zollverein-ის რეზიდენტი ხელოვანი.
ნატო სირბილაძე (დ. 1955, თბილისი, საქართველო) თვითნასწავლი ხელოვანია, რომელმაც ფერწერა 31 წლის ასაკში დაიწყო. იგი დამოუკიდებლად, სამხატვრო სკოლებისა და ჯგუფების მიღმა მუშაობდა და დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა საკუთარი, მკაფიო ვიზუალური ენა. მის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკრალურ მოტივებს, ფანტასმაგორიულ სახეებს, კოლექტიურ მეხსიერებასა და ქართულ კულტურულ ტრადიციებს. სირბილაძის მრავალშრიანი ნამუშევრები ქმნის იდუმალ, გარდამავალ სამყაროებს, სადაც რეალობასა და წარმოსახვას, ყოფითსა და საკრალურს შორის საზღვრები იშლება.
ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა პორტრეტული ფოტოგრაფიით დაიწყო. ამ ნამუშევრებში იგი არა მხოლოდ ადამიანის გარეგნულ სახეს, არამედ მის შინაგან მდგომარეობასაც გადმოსცემდა — მოწყვლადობას, სიძლიერეს და იმ უხილავ დაძაბულობას, რომელიც ფოტოგრაფსა და პორტრეტირებულ ადამიანს შორის ჩნდება. 2016 წლიდან უზნაძემ მუშაობა სრულიად ახალ მედიუმში ფერწერაში დაიწყო. მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები დიდი ფორმატის აბსტრაქტული კომპოზიციებია. ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება კონკრეტულ მხატვრულ ენას ან სტილს უკავშირდებოდეს, თუმცა ნამუშევრებს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს ავტორის პირადი ხედვა, ფორმების აგების სპეციფიკური რიტმი და კონტექსტი.
ნიკა ქუთათელაძე (დაიბ. 1989, თბილისი) 2007- 2011 წლებში სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისი (CCA-T).
ქუთათელაძის პრაქტიკა სხვადასხვა მედიუმს აერთიანებს - ინსტალაციას, სკულპტურასა და ფერწერას. მისი ნამუშევრები ხშირად იმ გარემოს აკვირდება, სადაც ადამიანი ცხოვრობს: ქალაქის სივრცეს, არქიტექტურის ცვლილებას, სოფლის ყოფას და ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მისი პერსონალური გამოფენები მოიცავს: Mendes Wood DM-ში, ნიუ-იორკი; Modern Art-ში, ლონდონი; Vitrine-ში, ლონდონი; და Gallery Artbeat-ში, თბილისი. მისი ნამუშევრები ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოფენებსა და ინსტიტუციებში, მათ შორის Château La Coste-ში, Maison des Arts Georges & Claude Pompidou-ში, CCA Berlin-ში, და Fondation Cartier-ში.
თამო ჯუღელი (დ. 1994, თბილისი) არის თვითნასწავლი ქართველი ხელოვანი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისში ჟურნალისტიკის შესწავლის შემდეგ, მან მხატვრობას მიმართა და განავითარა ინტუიციური პრაქტიკა, რომელიც ანტირეალიზმს, ენერგიასა და აკადემიური კონვენციების უარყოფას ეფუძნება.
ჯუღელს ჰქონდა პერსონალური გამოფენები Gladstone Gallery-ში, ბრიუსელი; Karma-ში, ლოს-ანჯელესი; Tanya Leighton-ში, ბერლინი; Polina Berlin Gallery-ში, ნიუ-იორკი; და Gallery Artbeat-ში, თბილისი. მისი ნამუშევრები ასევე წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებში Balice Hertling-ში, პარიზი; Hill Art Foundation-ში, ნიუ-იორკი; და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, მესტია.